მეცნიერების მხრიდან გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით უწყვეტი გაფრთხილების მიუხედავად, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მაინც ვერ ახორციელებენ გლობალური დათბობის საწინააღმდეგო საკმარის ღონისძიებებს, რის შედეგადაც მომრავლდა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით აღძრული სასამართლო დავები. 2017 წლიდან 2020 წლამდე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სასამართლო საქმეები თითქმის გაორმაგდა მსოფლიოს მასშტაბით. სასამართლოები, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პროცესის დროს, ხშირად ახდენენ გარემოსდაცვითი მექანიზმების უფრო დეტალურად წარმოჩენას.
გარემოსდაცვითი მექანიზმები კონსტიტუციებში გათვალისწინებულია, როგორც ინდივიდების სუბიექტური უფლება, ან როგორც სახელმწიფო პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები (სახელმწიფო პოლიტიკის მიზნები). წინა განმარტებისგან განსხვავებით, ზოგიერთი სასამართლო ახლა უფრო ფართოდ განმარტავს სახელმწიფო პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს, ვიდრე ადრე. კერძოდ, სასამართლოები, კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა სამოქალაქო თავისუფლებებთან ერთად, ადგენენ მატერიალურ უფლებებს გარემოსდაცვით სფეროში, სახელმწიფო პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებზე დაყრდნობით. გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების ამგვარი განმარტება (თუ არ გავითვალისწინებთ კლიმატის ცვლილების სფეროში ქვეყნის ვალდებულებებზე უშუალო ზემოქმედებას) საინტერესოა შედარებითი სამართლის ჭრილში, რამეთუ კონსტიტუციებში ასახულია მრავალი სხვა სოციალური უფლება სახელმწიფო პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების სახით.
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები შეიძლება გაიყოს სამ კატეგორიად: (1) სახელმწიფოს მოეთხოვება გარკვეული ზომების მიღება გარემოს დასაცავად, (2) სახელმწიფოს ეკრძალება გარემოსთვის საზიანო ქმედებების წამოწყება ან გაგრძელება, და (3) გარემოს დაცვის სტანდარტი განმტკიცებულია კონსტიტუციის ინტერპრეტაციის საფუძველზე. საერთაშორისო შეთანხმებებმა, როგორიცაა პარიზის შეთანხმება, ასევე მნიშვნელოვნად იმოქმედა ეროვნული სასამართლოს პრაქტიკაზე. ეს ცხადყოფს, რომ ეროვნულ სასამართლოებს შეუძლიათ დააწესონ კლიმატის დაცვის საერთაშორისო შეთანხმებების პირობებთან შესაბამისობის მოთხოვნების და გარემოს დაცვის სფეროში საკონსტიტუციო სარჩელების, როგორიცაა თაობათა შორის თანასწორობის უზრუნველყოფის მოთხოვნა, აღსრულების ვალდებულება. გარემოს დაცვის ზოგადი პრინციპები, მათ შორის, პრინციპი „დამბინძურებელი იხდის“, ხდება რეალიზებად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული დებატების ნაწილი. ზოგადად, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები და ამ პროცესების დროს გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებები ზოგიერთ ქვეყანაში იქცა იარაღად, რომელიც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს აიძულებს იმოქმედონ ისე, რომ გაითვალისწინონ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები, განახორციელონ და მიაღწიონ კლიმატის დაცვასთან დაკავშირებულ იმ მიზნებს, რომელთა დაცვის ვალდებულება მათ ქვეყნებს აქვთ აღებული.
1. Betaah, A./Albrecht, E./Egute, T. (2019). The Human Right to Healthy Environment in Cameroon: An Environmental Constitutionalism Perspective. Journal of Environmental Law and Litigation, 34, pp. 61-96.
2. Durner, W., in Herdegen, M., Masing, J., Poscher, R., Gärditz, K. F., Burkart, N., & Bäcker, M. (2021). Handbuch des Verfassungsrechts : Darstellung in transnationaler Perspektive. C.H. Beck.
3. Heselhaus, in Rehbinder, E., Schink, A. (2018). Grundzüge des Umweltrechts, Erich Schmidt Verlag.
4. Kirby, M. (2019). Environmental and Planning Law in the Age of Human Rights and Climate Change. 36 Environmental and Planning Law Journal, p.181-196.
5. Leisner W., in Sodan, H., Leisner, W. G., Schenke, R. P., Schmahl, S., & Haratsch, A. (2015). Grundgesetz. C.H. Beck.
6. May, J. R./Daly, E. (2019). Global Judicial Handbook on Environmental Constitutionalism.
7. Schmidt, R./ Kahl, W. (2006). Umweltrecht, 7. Auflage.
8. Sands, P., Peel,J., Fabra, A., & MacKenzie,R.(2018). Principles ofInternational Environmental Law (4th Ped.). Cambridge: Cambridge University Press. doi:10.1017/9781108355728.
9. Tan, K.-C. (2023). Climate reparations: Why the polluter pays principle is neither unfair nor unreasonable. WIREs Climate Change, e827.