მთავარი
დებულება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ჟურნალის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

  1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ - სამინისტრო) სამეცნიერო გამოცემა - სამართლებრივი ჟურნალი (შემდგომ - ჟურნალი) წარმოადგენს პერიოდულ ადგილობრივ და საერთაშორისოდ რეფერირებად და რეცენზირებად გამოცემას, რომლის მიზანია სამართლის ცალკეული დარგის განვითარებისა და სამართლებრივ საკითხებზე აკადემიური დისკუსიის გაღრმავების ხელშეწყობა.
  2. ჟურნალის სახელწოდებაა “იუსტიცია”, ხოლო ლათინურ ენაზე - „Iustitia“.
  3. ჟურნალს, კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული აქვს საერთაშორისო სტანდარტული სერიული ნომერი - ISSN 2667-9876.
  4. ჟურნალი გამოიცემა ყოველკვარტალურად ბეჭდური და ელექტრონული სახით ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 

მუხლი 2. ჟურნალის რედაქტორი

  1. ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრისა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელების მიზნით იქმნება ჟურნალის სარედაქციო საბჭო (შემდგომ - სარედაქციო საბჭო).
  2. სარედაქციო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 6 წევრით, ამ ბრძანების №1 დანართის შესაბამისად.
  3. სარედაქციო საბჭოს წევრები შეიძლება იყვნენ სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა წარმომადგენლები, სამინისტროს პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები (შესაბამისი თანამშრომლობის მემორანდუმის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე სამართლის სხვადასხვა დარგში მოღვაწე სპეციალისტები და მეცნიერები.

 

მუხლი 4. სარედაქციო საბჭოს უფლებამოსილება

  1. სარედაქციო საბჭო:
    ა) ჟურნალის რედაქტორის წარდგინებით:
    ა.ა) განსაზღვრავს ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკას;
    ა.ბ) ადგენს სტატიების აკადემიურ სტანდარტებს;
    ბ) ჟურნალის რედაქტორის ან საბჭოს სხვა წევრის ინიციატივით:
    ბ.ბ) ადგენს ჟურნალისთვის სტატიების შერჩევის კრიტერიუმებს;
    ბ.ა) შეარჩევს გამოცემისთვის ერთ ან რამდენიმე თემას.
  2. სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჟურნალის თითოეულ გამოცემაში შემავალი სტატიების ფორმისა და შინაარსის დადგენილ კრიტერიუმებსა და აკადემიურ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად შეიძლება მოწვეულ იქნენ სამართლის სათანადო დარგში მოღვაწე სპეციალისტები, რომლებიც უფლებამოსილნი იქნებიან, გაეცნონ ჟურნალის თემატიკას და გამოსაცემ სტატიებს, წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები, შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებიც გადაეცემა ჟურნალის რედაქტორს ან/და სტატიის ავტორს.

 

მუხლი 5. სარედაქციო საბჭოს საქმიანობის წესი

 

  1. სარედაქციო საბჭო იკრიბება არანაკლებ წელიწადში ორჯერ.
  2. სარედაქციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობა დასაშვებია ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
  3. სარედაქციო საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება (მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ფორმით) საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
  4. სარედაქციო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ჟურნალის რედაქტორის ხმა.
  5. სარედაქციო საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს განსაზღვრავს სარედაქციო საბჭო.
  6. სარედაქციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებენ სამინისტრო და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.

 

მუხლი 6. საავტორო უფლებები

  1. ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაზე მისი ავტორი განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით სამინისტროს გადასცემს განსაკუთრებულ ლიცენზიას, რაც, სხვებს შორის, მოიცავს სტატიის ბეჭდური და ელექტრონული სახით გამოყენებას, თარგმნასა და ვიზუალურ დამუშავებას.
  2. სამინისტროს აქვს ჟურნალის გამოცემებში შესული სტატიების გამოყენების განსაკუთრებული უფლება. სამინისტრო უფლებამოსილია, ჟურნალში შესული სტატიების ნებისმიერი სახით გამოყენებისას მიუთითოს ჟურნალის სახელი ან მოითხოვოს მისი მითითება. დაუშვებელია სამინისტროს თანხმობის გარეშე ჟურნალში შესული სტატიების გამოყენება მესამე პირთა მიერ.
  3. სტატიის ავტორი ინარჩუნებს უფლებას, გადაამუშაოს და რეპროდუცირება გაუკეთოს საკუთარ ნამუშევარს იმ პირობით, რომ ჟურნალი, როგორც პირველადი გამოცემის წყარო, მითითებული იქნება და აღნიშნულის შესახებ ჟურნალს წინასწარ წერილობით ეცნობება.