იუსტიციის სამინისტროში ორენოვანი ჟურნალი „იუსტიცია“ დაფუძნდა

სექტემბრიდან, კვარტალში ერთხელ, სამეცნიერო ნაშრომების წაკითხვა სამართლებრივ ჟურნალში “იუსტიცია” იქნება შესაძლებელი. ჟურნალის პირველი ნომრისათვის სტატიების მიღება მომავალი კვირიდან დაიწყება. იუსტიციის მინისტრმა სამეცნიერო გამოცემის პრეზენტაცია აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან გამართა. 

 

რატი ბრეგაძის განმარტებით ,ჟურნალი “იუსტიცია” ხელს შეუწყობს სამართლის ცალკეული დარგების განვითარებასა და სამართლებრივ საკითხებზე აკადემიური დისკუსიის გაღრმავებას. ჟურნალის რედაქტორი და სარედაქციო საბჭოს წევრი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ამჟამად იუსტიციის მინისტრის მრჩეველი მინდია უგრეხელიძე იქნება. ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკას კი სარედაქციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით განსაზღვრავს:

 

 იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე; საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა; თსუ-ს სრული პროფესორი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი თევდორე ნინიძე; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე; საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ჯონი ხეცურიანი.

 

 ჟურნალი „იუსტიცია“ (ლათ. IUSTITIA) საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი გამოცემა იქნება. ის ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცემა და როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით გახდება ხელმისაწვდომი.